ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ნუსხის ზრდას საკრებულოს წევრებმა 29 ივლისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
საკითხი "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ", ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის, რომლის თანახმად, გამგეობის იურიდიულ სამსახურს დაემატა ერთი საშტატო ერთეული, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ გამოიტანა.
საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის მხრიდან გაკეთებული განმარტების თანახმად, ფუნქციების უკეთ გასახორციელებლად, იურიდიულ სამსახურში მიზანშეწონილია ერთი საშტატო ერთეულის დამატება, რომელსაც სასამართლოებთან წარმომადგენლობა დაევალება.
აქამდე, იურიდიულ სამსახურში სამი საშტატო ერთეული იყო _ სამსახურის უფროსი და ორი მთავარი სპეციალისტი. აქედან ერთ-ერთი, მაია ჩხაიძე ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიაშია დასაქმებული.
გამგეობაში საშტატო რიცხოვნების ზრდას საკრებულოს ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები არ ეთანხმებიან. ფრაქციამ "მეტი ქალი პოლიტიკაში" იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხს მხარი არ დაუჭირა. გამგეობის იურიდიულ სამსახურში შტატის გაზრდის წინააღმდეგი იყო კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია _ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის", თუმცა, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან უკვე ერთი თვეა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.