საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია.
ყოფილი პრეზიდენტი საიას საკუთარი "ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანთა უფლებები:
"ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.
გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია", _ წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.