პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „ქართული ოცნება“ ერთი პოლიტიკური გუნდი აღარაა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას აღარ ერიდებიან. რაც შეეხება თავდაცვის ახალ მინისტრს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალ მინისტრთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისეთი ურთიერთობა ექნება, როგორიც უნდა იყოს.
„სამწელიწადნახევარი ყველა ვერიდებოდით ამას. ეს დრო ამოიწურა. ამიერიდან მზად უნდა ვიყოთ ყველა, რომ ჩვენ გვექნება განსხვავებული პოზიციები. ამის ძებნას ჩვენ სპეციალურად არ დავიწყებთ, მაგრამ როცა გვექნება, ვიტყვით. პრემიერმა მოისმინა ჩვენი შეფასება, ჩვენ მას არ მოვუწონეთ გადაწყვეტილება სისტემური თვალსაზრისით. პრემიერმა ჩემი პოზიცია ჩათვალა არაადეკვატურად. რომელია უფრო სწორი და რომელი არასწორი, ეს უნდა განსაჯონ მათ, ვისაც ეს პოზიცია გავაცანით _ მაყურებელმა, მოქალაქეებმა.
როგორიც პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობა მექნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომელი ჯობია _ თავდაცვის სამინისტროს მართავდეს პოლიტიკური ფიგურა და არა უსაფრთხოების ორგანოს წარმომადგენელი, ამ ხედვაშია განსხვავება. უკვე ვართ საარჩევნო რეჟიმში და კომენტარების კომენტარების კომენტარებს ჯობია, გადავიდეთ დებატების რეჟიმში“, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.