თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში, სანზონის მე-5 და მე-6 კორპუსების მიმდებარედ არსებული სტადიონი თავის ფუნქციას შეინარჩუნებს.
ტერიტორია, დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისდა. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, იგი ისევ მუნიციპალური საკუთრება გახდება და საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდება.
სიახლე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადგილობრივებს ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან, ქონების მართვის სააგენტოს უფროს კარლო ლაფერაძესთან და მესაკუთრეებთან ერთად გააცნო.
აღნიშნული ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე. მოხდება უკვე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ახალი საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთის მხრივ, დავაკმაყოფილეთ მოსახლეობის მოთხოვნა, შევუნარჩუნეთ ტერიტორია, სადაც იქნება სკვერი და სტადიონი. მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება ინვესტორი _ მას ვუნაცვლებთ ტერიტორიას, რათა საკუთარი ბიზნესი განავითაროს.
ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ადგილობრივებს შეუნარჩუნდეთ სკვერი და სათამაშო მოედანი, რომლითაც 700-მდე ოჯახი ისარგებლებს“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.