მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იორდანიის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მხარეებმა ორი დღის განმავლობაში განიხილეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და მათი გახორციელების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა.
იორდანიის განათლების მინისტრის, მოჰამად თნეიბათის განცხადებით, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში უდავოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია თანამედროვე დასავლური მიდგომები.
ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით გახორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი ცალკეული კომპონენტის გაცნობა.
იორდანიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვირის ბოლომდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში.