ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ნათია შარაშენიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
შარაშენიძე ამბობს, რომ მან საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის სახელზე საჯარო ინფორმაცია გააგზავნა და პასუხი ერთი თვის შემდეგ მიიღო.
"მიმდინარე წლის 30 ივნისს მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს გელა კობალაძეს, რომელსაც ვთხოვდი 2016 წლიდან დღემდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და ა.(ა).ი.პ-ებში ჩატარებული ყველა აუდიტორიული შემოწმების შედეგად გაცემული დასკვნის ასლები. ეს ინფორმაცია მჭირდებოდა ჩემთვის, რადგან ვარ საკრებულოს დეპუტატი. 1 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თურმე უნდა გადავიხადო 123 ლარი და 30 თეთრი, რის შემდეგ მომეწოდებოდა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია." – თქვა ნათია შარაშენიძემ.
"ქალბატონო ნათია თქვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დამუშავებულია. აღნიშნული დოკუმენტაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს 123 ლარს და 30 თეთრს, რომელიც უნდა გადაიხადოთ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ ჩაგბარდებათ თქვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლი,"– წერია წერილში, რომელიც ნათია შარაშენიძემ ქალაქ ოზურგეთის მერიიდან მიიღო.