კომპანია “გლობალ TV”-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი, ამ დრომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰყავთ დაკავებული. მისი დაკითხვა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს და მასთან იმყოფება იურისტი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამავდროულად “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ბაღდათში.
2012 წლის 7 ივნისით დათარიღებულ ოქმში, რომელსაც ხელს თავად ნათია მოგელაძე აწერს, ვკითხულობთ:
“ბ. ივანიშვილმა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდასაჭერად, 12 410 252.89 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც გამოიხატა საკუთარი მატერიალური სახსრებით მოსახლეობისთვის კომპანია “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემაში,” _ ვკითხულობთ საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რომელიც საქალაქო სასამართლომ ელვისებური სიჩქარით განიხილა.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, შალვა თადუმაძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო შალვა, კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, “გლობალ ტვ-ს” ანტენები ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დააყენა. რა მტკიცებულებები დევს საქმეში?
_ კონტროლის პალატა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული ასესხა თავის ძმას, ადიკო ივანიშვილს, მაგრამ ეს მტკიცებულებად არ აქვთ წარმოდგენილი. შესაბამისად, ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ძმას ასესხა ფული, რომელმაც შემდეგ ამ ფულით ანტენები დააყენა.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, “გლობალ TV-ს” მეწილის დაკავება ამ ამბავს უკავშირდება?
_ არ ვიცი. არ მგონია.Aარსებული ინფორმაციით, რაც საქმის მასალებში იკვეთება, რომელიც კონტროლის პალატამ წარმოადგინა, ალექსანდრ რონჟესი არსად ფიგურირებს.