2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკო.
„ მე გმირის დედა ვარ, ეს განცდა მიმსუბუქებს ჩემი შვილის დაკარგვის სიმძიმეს. უყურადღებოდ არავინ გვტოვებს, ამ დღეს საფლავზე ჩემი შვილის მეგობრები, ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები მოდიან. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, იმისთვის, რომ არ ივიწყებენ თემურის სახელს", _ ამბობს აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის თემურ ჭიტაძის დედა ქეთევან ურუშაძე.
„აგვისტოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. სამწუხაროა, რომ ამ თარიღის აღნიშნვა ასეთი ახალგაზრდა ბიჭების საფლავებზე გვიწევს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას, მათი სახელების უკვდაყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია", – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალიც მოინახულეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის _ თემურ ჭიტაძის ოჯახს ფულადი თანხა გადაურიცხა.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი) დაიღუპა.