დღეს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომლითაც იგი 8 წლის წინანდელ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, აცნობა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო.
“როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხეს-მეთქი და: „საქართველოს სრული განადგურებაო. მათ ქართველი ერის განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ“, _ განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის დახმარება იყო:
„უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში. უკრაინამ გადმოგვცა „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს სისტემები, რომელთა საშუალებით ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 მ-3, რომელიც მანამდე არავის არასდროს არ ჩამოუგდია“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, მათ ვინც კონფლიქტის ინიციატორად საქართველოს ასახელებს, ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტომდე დაიწყეს.