დღეს რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა.
აგვისტოს ომში ქალაქ ოზურგეთის მკვიდრები – ზაურ თენიეშვილი და თამაზ ნიკიტინი გმირულად დაიღუპნენ.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების საფლავები მოინახულეს და პატივი მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
"დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. 8 აგვისტოს საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცები დაკარგა. აუნაზღაურებელია ის დანაკლისი, რომელიც ერმა 2008 წელს განიცადა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩემს ქვეყანას მშვიდობიან მომავალს ვუსურვებ," _ განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი გადაეცათ, აქედან 200 ლარი ქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან გამოყო. გმირულად დაღუპულთა ოჯახებმა ქალაქის მერიისგან, ასევე, ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
(R)