1 აგვისტო, ორშაბათი
“გურია ნიუსი“, რომლის აქტიური მკითხველი ვარ, გვთავაზობს რუბრიკას, რომელსაც “ქალი პოლიტიკოსის კვირა’’ ჰქვია. მკითხველს უნდა მოვუთხრო, როგორც ქალი პოლიტიკოსი, ერთი კვირის განმავლობაში რა საქმიანობას ვეწეოდი. ეს ორშაბათი კი 1 აგვისტოა, ცხელი აგვისტოს პირველი კვირის პირველი რიცხვი. პირველობა და ლიდერობა ჩემი თვისებაა, რაც ჩემს საქმიანობაში აისახება კიდეც (თუ პროფესიულში, პირადში და საზოგადოებრივში). პირველი ვეგებები მზის ამოსვლას ჩემს ოჯახში, სადაც ვარ მეუღლე, დედა და ორი უსაყვარლესი პატარას ბებია. ოჯახის დიასახლისი ვაკეთებ იმას, რაც ყველა ქალისთვის უცხო არაა და შემდეგ _ საკრებულო…
დღეს ქალაქის საკრებულოში ბიუროს სხდომაა. აპარატის თანამშრომლებთან შევდივარ, რომლებიც სულ საქმიანად ფუსფუსებენ და დღის წესრიგს და პროექტებს ვითხოვ. გამომაქვს და ვეცნობი. მინდა აღვნიშნო, რომ ბიუროს სხდომაზე მუდმივად გვაქვს მოჭარბებული კითხვები და შენიშვნები, რათა საკრებულოს სხდომაზე საკითხები შეუსწავლელი არ გავიდეს. აქაც მქონდა კრიტიკული შენიშვნა ერთ საკითხზე, რომელიც კულტურის სფეროს განეკუთვნებოდა.
2 აგვისტო, სამშაბათი
საკრებულოში მისვლის შემდეგ დავგეგმე შემემოწმებინა მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო, რადგან ტენდერი ყოველ ექვს თვეში ცხადდება და ამჟამად გაიმარჯვა სხვა კომპანიამ. დროებით ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობას აგრძელებს ის კომპანია, რომელიც დღემდე კარგად და ვთვლი, რომ სანიმუშოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას _ ოლეგ შარაშენიძის ხელმძღვანელობით.
3 აგვისტო, ოთხშაბათი
დღეს ქალაქის საკრებულოში მოქალაქეთა და ამომრჩეველთან მიღების დღე მაქვს, როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს. ჩვენი მოქალაქეების ძირითადი პრობლემა დაუსაქმებლობა და უსახსრობაა. უკვე მერამდენედ მოდის მოქალაქე რ. შევარდნაძე, რომელსაც აქამდე უნდოდა დედამისი ჩაგვერთო უფასო სასადილოს კვების პროგრამაში, რაც დაკმაყოფილდა; ახლა ირკვევა, რომ სხვის ბინაში ცხოვრობს და მთხოვს მივეხმარო.
კომისიის სახელზე წერილი შემოვიდა – ფოლკლორულ ანსამბლ ,,აბჯარის’’ წევრებისაგან. ანსამბლი ითხოვს დაფინასებას. კომისიის ექსპერტ-კონსულტანტთან ერთად ვადგენთ დღის წესრიგს და ვგეგმავთ კომისიის სხდომას მეორე დღისათვის, რათა ანსამბლის წევრებს კომისიის გადაწვეტილება მივაწოდოთ.
4 აგვისტო, ხუთშაბათი
დღეს საკრებულოს სხდომაა. სანამ სხდომა დაიწყებოდა, ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარე და ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტები სხედან, მოკლედ განვიხილეთ სხდომაზე გასატანი და დასამტკიცებელი საკითხები, სულ ოთხი საკითხია პროექტში.
სხდომა 12 საათზე დაიწყო. ქალაქის საკრებულოს სხდომა, ჩვეულებისამებრ მშვიდად არ ჩაივლის. პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებას ეხებოდა, საკრებულოს წევრებს და მერს შორის შელაპარაკებით დაიწყო.
ოთხივე საკითხი საკრებულომ უმრავლესობით დაამტკიცა.
საკრებულოს ბიუროს სხდომის დამთავრების შემდეგ დაგეგმილი ჩემი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ანსამბლ ,,აბჯარის’’ დაფინანსება, სამწუხაროდ, ყოველთვიურად ვერ მოხდება, მაგრამ ქალაქის ტერიტორიაზე გამართულ კულტურულ ღონისძიებებში მოწვევის შემთხვევაში, ჰონორარის სახით მოხდება მისი დაფინანსება.
5 აგვისტო, პარასკევი
დღეს მძიმე და ცხელი სამუშაო კვირის ბოლო დღეა. განწყობა შესაბამისად ამაღლებული მაქვს, იმის გამო, რომ მინდა მცირეხნიანი შვებულება მაინც გამოვიყენო ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანებისათვის. თუმცა, მანამდე, ის საქმე, რომელიც ჩემთვის ბოლო მესამე წელია ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა, ეს საკრებულოს წევრობაა. ამომრჩეველთა და მოქალაქეთა წერილები და მათი თხოვნები, მუნიციპალიტეტის პროექტები დროებით დავტოვო დალაგებული, ჩავაბარო ექსპერტ-კონსულტანტს და ახალი შემართებით დავბრუნდე საკრებულოში.
6 -7 აგვისტო, შაბათ-კვირა
ეს შაბათი კვირა გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემს ყველაზე საყვარელ პატარებთან – შვილიშვილებთან საბასთან და ნინასთან ერთად.
შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ირინა საჯაიას გადავაბარებ.
ნინო ტაბატაძე,
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე































































