მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გგულშემატკივრობდათ, თქვენ არ იცით, რა ხდებოდა აქ, ძალიან გახარებულები ვართ მიღწეული შედეგით", _ ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მიღწევების შეფასებით დაიწყო და წარმატებით ასპარეზობისთვის სპორტსმენებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
"დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო ყველა ჩვენგანისთვის მართლაც საამაყო სიტყვებით: დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის! 7 მედალი და აქედან 2 ოქროს მედალი არის ძალიან სერიოზული შედეგი. ვიცით, რომ არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს და მართლაც ყველაფერი დადეს ბრძოლის ველზე, რათა მიღწეული ყოფილიყო მაქსიმალური შედეგი. მინდა, მთელი ქვეყნის, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ყველა მწვრთნელს, ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის სამინისტროს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის", _აღნიშნა პრემიერმა.
თავის მხრივ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტსმენების სახელით, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის.
"ამ 4 წლის მანძილზე ქართულ სპორტს არნახული მხარდაჭერა ჰქონდა და შედეგიც სახეზეა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ვაპირებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო წარმატებულად გამოვალთ შემდეგ ოლიმპიადაზე", _ განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.