თბილისის მერიის თანამშრომლებსა და არსამთავრობო ორგანიზაციებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნამრანიამ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას "ვირიშვილი" უწოდა.
"ვიფიქრეთ, რომ ვინმე ჭკვიანმა ურჩია, რომ ადეკვატურად მოიქცეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ გამოდგა. სრულიად ზოგად თემებზე იყო საუბარი. დიდი ყანწით ფიგურალურად დალიეს საკუთარი კარგად მოქცევის სადღეგრძელო. მოთხოვნებზე რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ კიდევ დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ თუ არ გადააყენებენ ორი სამსახურის უფროსს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ქალაქის მერმა მხდალმა დავით ნარმანიამ ჩვენი მეგობარი შეამკო სიტყვებით "გადი აქედან მაიმუნო ვირიშვილოო" ეს არ არის ადეკვატური მთავრობა", _ აცხადებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.
შეხვედრა ნატა ფერაძესთან ერთად დატოვეს სხვა მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ "ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის."
თუმცა, გარემოს დამცველების დაჟინებული მოთხოვნისა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი გადადგომას არ აპირებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს".
სულხანიშვილის თქმით, მას არ სურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს მისი გადადგომა.
"არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცველი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს“, _ განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.