საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ორგანიზებით, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს ახალგაზრდული კამპანიის _ "შენი ხმა ჩვენი მომავალია!" მიზნები გააცნო და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში, სტუდენტების პირისპირ შეხვედრების შედეგად ამომრჩევლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე.
სტუდენტებმა პრეზიდენტს თავიანთი გამოცდილების შესახებ უამბეს. საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო პროგრამებისა და პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელობა, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ამომრჩეველთა მოტივაციაზე, იმისთვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობით მოიპოვებთ უფლებას, მოთხოვოთ პოლიტიკოსებს თავიანთი მოვალეობის, წინასაარჩევნო დაპირების შესრულება.
"არჩევნები _ ეს არის შენი სამშობლოს ფორმირების პროცესი. ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო _ რვაწუთნახევარი იმისთვის, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ." _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებულობას ისახავს მიზნად, მის მიერ დაწყებულ კამპანიას შეადარა და პროექტის ავტორს, ია მამალაძეს მადლობა გადაუხადა:
_ ჩვენი პროექტები ერთმანეთს ემთხვევა _ პროექტი, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკებში აერთიანებს ახალგაზრდებს და მათთან ერთად არჩევნების პოპულარიცაზიას ეწევა, ფაქტობრივად, იგივეა, რაც თქვენი პროექტი. ჩვენი პროექტების მიზანი და მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ გავააქტიუროთ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი ხმა არაფერს წყვეტს, რომლებსაც აქვთ გარკვეული იმედგაცრუება პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნებით ბევრს ვერაფერს შეცვლი, რომ მაინც იგივე იქნება. ჩვენი პროექტები, ალბათ, იმითაც ჰგავს ერთმანეთს, რომ ჩვენ არც ერთი პოლიტიკური ძალის, არც ერთი კანდიდატის აგიტაციას არ ვახორცილებთ, ჩვენ არ ვეუბნებით, ვის უნდა მისცენ ხმა _ ჩვენ, უბრალოდ, ვუსაბუთებთ ადამიანებს, რომ ხმის არმიცემით უკეთესი მომავალი არ დადგება, _ განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუკი ადამიანი არჩევნებზე არ მივა, ამით პოლიტიკოსი არ დაისჯება:
_ შესაძლოა, პოლიტიკოსმა გაუცრუოს ადამიანს იმედები, მაგრამ ხომ არის შანსი იმისა, რომ არ გაუცრუოს?! ამასთან ერთად, არჩევნებზე არმისვლით არც ერთი პოლიტიკოსი არ ისჯება. არც ერთი პოლიტიკოსი ამით არ წააგებს, რადგან არჩევნები მაინც შემდგარად ჩაითვლება, სულ რომ ასი კაცი მივიდეს. თუ თქვენ არჩევნებზე არ მიხვალთ, პოლიტიკოსები ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობენ. მომავალშიც ასე იფიქრებენ _ ხალხი მაინც არ დადის არჩევნებზე და ჩვენი აქტივი აგვირჩევსო. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ საზოგადოება და ასე ვამუშაოთ დემოკრატია. დემოკრატიული მმართველობის ფორმა პრინციპულად მოქალაქეების აქტივობაზეა დამოკიდებული _ პოლიტიკოსი უნდა გრძნობდეს, რომ მისი შემკვეთი და გამყვანი არის ამომრჩეველი, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს არის თანაბარი, თანასწორი და ყველას აქვს ერთი ხმა. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსთან იმუშაოს საზოგადოებამ არამარტო არჩევნების დროს, არამედ არჩევნებს შორისაც _ უსვამდნენ კითხვებს, წერდნენ წერილებს, უფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას იმიტომ, რომ ეს არის, რაც ამუშავებს დემოკრატიას, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გურულ ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
_ მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია! არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე! _ სთხოვა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.