ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი გელა კვაშილავა მედიის და საზოგადოების ნაწილს შეხვდა.
გელა კვაშილავას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს გზების დაგეგმარების არანაირი გეგმა, აქედან გამომდინარე, ის რაც კეთდება 9 აპრილის სკვერთან, არანაირ შედეგს არ გამოიღებს და ავტომანქანების გადაადგილებას უფრო შეაფერხებს.
"იქვე ახლოს, ვიცით, რომ ბათუმის შემაერთებელი გზა გადის, ეს ნაკადი გახდება უფრო აქტიური, გახდება უფრო მოკლე გზა, მოიზიდავს მეტ ტრაფიკს და მანდ ქვეითისთვის მოძრაობა შეუძლებელი გახდება. შეიქმნება დამატებითი სატრანსპორტო კვანძი", _ თქვა გელა კვაშილავამ.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ქალაქ ოზურგეთის მერიას დაეწყო ავტო საგზაო ნიშნების მოწესრიგება.
"ქალაქში ჩამოსვლისთანავე მოვიკითხე იყო თუ არა შუქნიშნები ან კიდევ კუნძულები. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, შუქნიშნები და კუნძულები ქალაქში არ არსებობს. მთავარი არის, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების გეგ-გეგმა, ასევე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს საგზაო ნიშნების პრობლემა. ზუსტად ამ საკითხების მოგვარება არის პირველად და არა ის, რომ პარკში ახალი გზა გაყავთ" , _ თქვა გელა კვაშილავამ.
ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებს შორის მდებარე 9 აპრილის პარკში საავტომობილო გზის გაყვანა ამ დრომდე განხილვის თემაა.
ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის მტკიცებით, გზის გაყვანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას გაზრდის და მოძრაობის განტვირთვას ხელს შეუწყობს. მოქალაქეების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სარეკრეაციო ზონაში გზის გაყვანა კანონის დარღვევაა და სიორიძეს მშენებლობის შეწყვეტასა და პარკის აღდგენას სთხოვენ.