შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარედგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
"ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე თემაზე: გარდაცვლილ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა