მასწავლებელთა გამოცდების შედეგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახვინებს, არ არის კარგი გამოცდა.
როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, აღნიშნული შედეგების მიხედვით, ფიქრობს, რომ პრობლემა არ გვაქვს. განათლების სისტემა პედაგოგებს გამოცდის ბევრ ალტერნატივას შესთავაზებს და პედაგოგს თავად მიეცემა საშუალება, გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით წავიდეს.
”ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახვინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები უფრო მოტივირებული გახადონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით”, _ აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც ცნობილია, 2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.
საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.
2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.