დღეს, რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ამის შესახებ, რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯომარემ, ანა ბირჩალიმ ლევან ბერძენიშვილს თავად შეატყობინა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამკვიდრება შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, ხელს შეუწყობს ხალხთა თავისუფალ გადაადგილებას და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის მთავარ სარგებელს გამოკვეთს.
განცხადებაში მკაფიოდ არის ასახული საქართველოს ევროინტეგრაციული კურსის განვითარების მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებისთვის. რუმინეთის საპარლამენტო კომიტეტი გამოკვეთს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც საწინდარს საქართველოს წარმატებისა ევროპული გზაზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა მადლობის წერილი გაუგზავნა ანა ბირჩალის, სადაც ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია რომ, დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს.