ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2010 წლის 4 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც "ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.
შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე."
დოკუმენტის მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს.
"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა – ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,"- აცხადებს ოქრუაშვილი.
აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნებას, მოკლე კომენტარით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში:
"მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა" _ წერს ხალვაში და დასძნეს, რომ ოქრუაშვილს წარსულს შეახსენებს:
"ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. მაესტროს ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია" _ აღნიშნავს ქიბარ ხალვაში.