"ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ჩაანაცვლა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წუხელ, პოლისტაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჭკუასელის ნაცვლად დეპუტატობისთვის ნინო წილოსანი იბრძოლებს. აღნიშნულზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში, თუმცა ფაქტს გვიდასტურებს თემურ ჭკუასელი:
_ სანამ პრემიერი კანდიდატად დამასახელებდა, მანამდე იყო საუბარი, რომ მე ვიქნებოდი სიაში და კანდიდატი იქნებოდა წილოსანი. მაგრამ, მაშინ რაღაცეები შეიცვალა და როგორც ვიცი წილოსანი ოჯახური სიტუაციის გამო ვერ დააყენეს.
ამიტომ, მე მთხოვეს რომ კენჭი მეყარა. თუმცა, გუშინ, პოლისტაბჭოს სხდომაზე პრემეირმა ისევ მთხოვა, რომ გადამენაცვლებინა პროპორციულ სიაში და ჩემს ნაცვლად კანდიდატად წილოსანს წარადგენდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჭკუასელმა.
აღსანიშნავია, თემურ ჭკუასელი თითქმის ერთი თვე იყო საარჩევნო მარათონში ჩაბმული და მის მხარდასაჭერად, როგორც ჩოხატაურში, ასევე ლანჩხუთში ათობით ადამიანი მუშაობდა. ამ დრომდე უცნობია როგორც დალაგდება ახალი კანდიდატის შტაბები და რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც ჭკუასელისთვის მუშაობდნენ. "გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობს და ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.