"ქართული ოცნების" კანდიდატის, თემურ ჭკუასელის კანდიდატურის მოხსნას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოქლში, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგნლებს მიაჩნიათ, რომ ეს "მათ წისქვილზე ასხამს წყალს":
_ "ქართულმა ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ეშინია _ ჭკუასელის მოხსნა კანდიდატების რეგისტრაციის წინა დღეს ამის დასტურია. ზარზეიმით წარდგენილი და პრემიერის ნაქები კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნეს.
იმდენად უპასუხისმგებლოები არიან, რომ საარჩევნო შტაბებიც კი არ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო _ ყველამ "გურია ნიუსიდან" გაიგო ამის შესახებ. არადა, ჭკუასელის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის მანძილზე აქტიურად ვრცელდებოდა. რას შედეგს მოუტანს ეს ყველაფერი "ოცნებას" 8 ოქტომბერს გაირკვევა. ფაქტია, რომ ისედაც მცირე შანსები კიდევ უფრო შეუმცირდათ, _ აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
კომენტარი გააკეთეს "ქართული ოცნების" კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, აკაკი ჩხაიძის შტაბშიც:
_ "ოცნებამ" აღარ იცის როგორ გვებრძოლოს და ჩვენს დასამარცხებლად, რომლის შანსი პრაქტიკულად არ აქვთ კანდიდატი შეცვალეს. თემურ ჭკუასელის ნაცვლად დააყენეს ბატონი აკაკის ახლობელი, მისი შვილიშვილის ნათლია და ეს ყველაფერზე მეტყველებს.
მიუხედავად ამისა, აკაკი ჩხაიძე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და "ქართულ ოცნებას" ვპირდებით, რომ რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენონ, ჩვენ მაინც მოვიგებთ არჩევნებს, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩხაიძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით _ ნინო წილოსანით, 6 სექტემბერს, ღამის 12 საათზე, პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ჩაანაცვლა.
აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რაც თემურ ჭკუასელმაც დაგვიდასტურა.
ამავე თემაზე: ექსკლუზივი: რატომ მოხსნეს თემურ ჭკუასელის კანდიდატურა _ "ფაქტობრივად, მე მოვევლინე მხსნელად"; ვინ არის თემურ ჭკუასელის შემცვლელი _ "მივალ პარტიის ოფისში და გავერკვევი"