საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე დაკავებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებული საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.
"ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.
დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურატურა გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.



































































