შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ დაისვა ტექნიკური ხასიათის კითხვები. მისივე თქმით, გამომძიებელი იყო ძალიან კორექტული და კომპეტენტური, თუმცა გვარამია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა იმ პირებს მოუწევთ, ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა.
_ გამომძიებელი იყო კვალიფიციური და საკმაოდ კორექტული, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, რადგან ასეთი საქმეების გამოძიება არ არის დამოკიდებული რიგით გამომძიებლებზე და პროკურორებზე და ასე შემდეგ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ეს გამომძიებლები და პროკურორები დაკითხავენ არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ საკუთარ ზემდგომებს, რომლებიც გეგმავენ ამ დანაშაულებს, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.