ლანჩხუთში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების სიუხვე განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ სკვერშია თვალშისაცემი.
პარტიებს, განსაკუთრებით კი „ქართულ ოცნებასა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“, აქ ყოველი ხე და ბოძი მაქსიმალურად აქვთ ათვისებული იმ განკარგულების ფარგლებში, რომელიც პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით, საკრებულომ ჯერ კიდევ 16 ივნისს დაამტკიცა.
პლაკატების გამკვრელებს აქტიურობაში არც ისინი ჩამოუვარდებიან, ვინც მათი ჩამოხევითაა დაკავებული. ამის ნათელი დასტურია ქალაქის სკვერი, სადაც ხეებზე უმეტესად მხოლოდ წებოვანი ლენტები შემორჩა. ჩამოხეულია, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო-სააგიტაციო მასალები.
თავიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ნინო კვიტაიშვილის, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გურამ ჩალაგაშვილისა და დამოუკიდებელი კანდიდატის აკაკი ჩხაიძის პლაკატები იყო ჩამოხეული, შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ნინო წილოსანის პლაკატების ჩამოხევაც. უმეტეს ადგილას სწორედ ამ უკანასკნელის პლაკატებია შედარებით უვნებლად შემორჩენილი.
გარდა ლანჩხუთის ცენტრისა, საარჩევნო პლაკატებს ქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და სოფლებშიც მაქსიმალურად ათვისებული აქვს ბოძები და ხეები. სურათი ყველგან ერთნაირია _ დღისით გაკრულ პლაკატებს ღამით უცნობი პირები ხევენ.
როგორც მოქალაქეები პირად საუბარში ამბობენ, სააგიტაციო მასალის ჩამოხევით, ძირითადად, ახალგაზრდობაა დაკავებული, ზოგი ამას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, ზოგისთვის კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის კუთვნილებას წარმოადგენს პლაკატი, ერთნაირად დაუნდობლად ხევენ ყველას.
„ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ვარ, კიბე გამოვიტანე და ჩემი სახლის წინ ბოძზე საკმაოდ მაღალზე გავაკარი იმ კანდიდატის პლაკატი, რომელსაც მხარს ვუჭერ. დილით რომ გამოვედი, ჩემი გაკრულიც და სხვა პლაკატებიც ჩამოხეული დამხვდა“, _ ამბობს ერთ-ერთი ლანჩხუთელი.
მართალია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად სააგიტაციო მასალის ჩამოხევა დასჯადია და იგი სოლიდურ ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა, მიუხედავად ჩამოხეული პლაკატების სიმრავლისა, მტკიცებულების არქონის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, არავინ დასჯილა.
სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.