რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დაინშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე არიან დაბარებულები“, _ განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.