პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, აგიტ მირზოევმა ბლოკი "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ბურჭულაძემ პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" და გიორგი ვაშაძის პარტია შეიერთა ბევრმა ადამიანმა პარტიაში ფუნქცია დაკარგა და გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც ჩამოშორდა.
"ადამიანები, რომლები ვიყავით ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვინც უმცირესობების საკითხებით იყო დაკავებული, სამწუხაროდ დღეს ამ პროცესებიდან ამოვვარდით და აღარ ვმონაწილეობთ. ეს მიუთითებს იმას, რომ პაატა ბურჭულაძემ ვერ უზრუნველყო უმცირესობების მონაწილეობა საკუთარ პარტიაშიც კი და საუბარი იმაზე, რომ ის უზრუნველყოფს ქვეყნის მართვის პროცესებში უმცირესობების მონაწილეობას დღეს უკვე არასერიოზულია.
არც ის მინდა, რომ მოსახლეობისათვის და სათემო ორგანიზაციის ლიდერებისთვის მიცემული შეუსრულებელი დანაპირების პასუხისმგებელი ვიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ამ პარტიაში ვეღარ ვხედავ ინტერესს ეთნიკური უმცირესობის საკითხისადმი და შესაბამისად ვერ ვხედავ ჩემს ადგილსაც. მე არ ვიცი, ვინ იღებს ახლა გადაწყვეტილებას ბურჭულაძის პარტიაში, რადგან დაახლოებით სამი კვირაა, არანაირ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა სანამ ჩვენ ბლოკს შევქმნიდით და კოალიციას ჩამოვაყალიბებდით პაატა ბურჭულაძე იყო ერთპიროვნული მმართველი.
ჩემი აზრით კი დღეს ასე აღარაა. როგორც კი მოხდა გაერთიანება სხვა პარტიებთან, ჩვენ ამოვვარდით მონაწილეობიდან. არ ვესწრებით შეხვედრებს, რომელიც ბლოკის წინაასაარჩევნო პოლიტიკას განსაზღვრავს", – განაცხადა ბურჭულაძის ყოფილმა მრჩეველმა.