საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ მაჟორიტარი დეპუტატობის რომელიმე კანდიდატს კანონდარღვევა აქვს ჩადენილი, საზოგადოებას აქვს უფლება მას ხმა არ მისცეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე qartli.ge-ს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი დაინტერესდა ფლობს თუ არა ივანიშვილი ინფორმაციას იმ კანდიდატების შესახებ, რომელთა წარსულზე საზოგადოებას კითხვები აქვს. მაგალითად კი, გორისა და გურიის კანდიდატები დაასახელა.
„დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე რეგიონში და მათ შორის ჩვენთანაც, არიან ბრალდებულები და შემდეგ ისინი საპროცესო შეთანხმებებით და ამნისტიის კანონით გათავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობისგან. მაგალითად, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიო იოსებ მაკრახიძე, რომელიც კანდიდატად წარდგენამდე ბრალდებული იყო საგზაო ინფრასტრუქტურის დარღვევის გამო. ამნისტია შეეხო და ერთ თვეში კანდიდატად დაასახელეს. ასევე, გურიის კანდიდატთან დაკავშირებით „გურია ნიუსთან" გავიარე კონსულტაციები და იგივე სიტუაციაა იქაც წილოსანთან", _ აღნიშნა ჟურნალისტმა.
კითხვის პასუხად კი, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„მაჟორიტარ კანდიდატებზე დაწვრილებით არ ვიცი ეს საკითხები. თუ კანონი დარღვეულია ვერ შეიყვანენ და მაჟორიტარი ვერ გახდება. ეს წარმოუდგენელია. ამისთვის ცესკო არსებობს, კანონები არსებობს, დაწერეთ, მიაკითხეთ და თუ ეს ასეა, მათ მოხსნიან კანდიდატობიდან. სხვა შემთხვევაში, თუ ეს დანაშაული არ დამტკიცდა, ან ამნისტირებულია და ახლა უკვე აქვს უფლება იყოს მაჟორიტარი, მივცეთ პარტიას საშუალება, საზოგადოებამ გადაწყვიტოს. თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია არ მისცემენ ხმას, თუ მისაღებია ხმას მისცემენ", _ განაცხადა ივანიშვილმა.