90%-ზე მეტი იმედი მაქვს რომ გამოხმაურება იქნება დადებითი და ეს ყველაფერი აშედება, _ ამის შესახებ იბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად რეალურად მიაჩნია მას რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობაა შესაძლებელი.
"დიდი იმედი მაქვს რომ ეს ასე მოხდება და მხოლოდ ასეთი ხერხებით და გზებით აღვადგონით ნდობა. სულ ვფიქრობ და ვოცნებობ ამაზე. ხშირად აცხადებენ, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ დაკარგული ნდობა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა დავიბრუნოთ; ეს უნდა იყოს მთავარი. მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ პროექტს განვახორციელებ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა 26 სექტემბერს შესთავაზა.
ივანიშვილმა რუსთავში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, "განმუხურში აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის. გამყოფ ზოლთან, მიჯრილზე. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს".
ივანიშვილის შეთავაზებაა, სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი ოკუპირებულ ტერიტორიაზეც აშენდეს.
"დამატებით ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა. გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურს. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამით მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში. ამით, გარკვეული საფუძველი ჩაეყრებოდა ნდობის აღდგენას. მინდა, დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა", _თქვა ივანიშვილმა.
კითხვაზე, იცის თუ არა ამ შეთავაზების შესახებ აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა, ექსპრემიერი პასუხობს, რომ "იყო მცდელობა, ამბავი მიგვეწვდინა".
ივანიშვილის თქმით, არ იცის, როგორი იყო მათი რეაქცია.
"მე ვფიქრობ, რომ მე მგონი, ამ საკითხის შეჯერება ვერ მოხდა, როგორც მე ვიცი. მაგრამ წინადადება იმდენად მეგობრული და ჰუმანურია, არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურის გარდა, სხვა რაიმე შეფასებები მოჰყვეს, გნებავთ, ჩვენი აფხაზი ძმებისგან", _ამბობს ყოფილი პრემიერი.