"ქართული ოცნების" კანდიდატს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ლანჩხუთში მცხოვრებმა თამარ ფირცხალაიშვილმა, შვილის დახმარებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა:
"დიდი მადლობას მოგახსენებთ ჩემი გოგონას დამმარებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენს ქმარ-შვილთან ერთად", _ წერს ფირცხალაიშვილი წილოსანს.
იმის გასარკვევად თუ რა სახის დახმარება გაუწია წილოსანმა ამომრჩეველს თამარ ფირცხალაიშვილს დავუკავშირდით, რომელიც ფაქტს ადასტურებს:
_ არაფერი იყო ისეთი უსაშველო. ბავშვი მყავს ცერებრალური დამბლით დაავადებული და ცოტა რაღაცით დამეხმარა.
_ წამლებით, ექიმთან ვიზიტით თუ რა სახის დახმარება გაგიწიათ?
_ დიახ. ექიმთან ვიზიტით, _ გვითხრა ფირცხალაიშვილმა და აღნიშნა, რომ წილოსანი მის შვილს ორი კვირის წინ დაეხმარა.
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი მსგავს ფაქტს ვერ იხსენებს:
_ მსგავსი ფაქტი არ მახსენდება და სავარაუდოდ არც არის. არც ის ვიცი რა წერია ჩემი ფეისბუქის კედელზე, _ გვითხრა წილოსანმა.
_ დახმარების ფაქტს ფირცხალაიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ორი კვირის წინ მოხდა…
_ ხო, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დასტურდებოდეს. მასე შეიძლება ათასმა ადამიანმა თქვას, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას წილოსანმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ "არსებული ინფორმაცია ბადებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან":
"საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.