პაკისტანის საზღვართან ახლომდებარე ინდოეთის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობის ევაკუაცია ქაშმირზე მიტანილი იერიშის შემდეგ დაიწყო.
ინდოეთის განცხადებით, დე-ფაქტო საზღვარზე პაკისტანში მოქმედი დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავდნენ, ქირურგიული სიზუსტის დარტყმებს ახორციელებენ, თუმცა პაკისტანი ინდოეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
პაკისტანის განცხადებით, საზღვარზე მომხდარი სროლის შედეგად მათი 2 სამხედრო დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის ტერიტორიაზე დავა ათეული წლებია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაკისტანმა ინდოეთის არმიის ჯარისკაცი დააკავა, რომელმაც ინდოეთის განცხადებით, საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა.
ინდოეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6 სასაზღვრო რაიონიდან ათასობით ადამიანი ტაძრებსა და საბანკეტო დარბაზებშია ევაკუირებული, თუმცა, როგორც ადგილიდან BBC-ის აცნობეს, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვების შესახებ ოფიციალური ბრძანება არ მიუცია და მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლებში რჩება.