თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებულების ნაწილი სასამართლო დარბაზიდან, ნაწილი კი, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს:
"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებული 12 პირის მიმართ. საქმეზე ბრალდებული შვიდი არასრულწლოვანი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემის ღონისძიება და ისინი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ხოლო, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეირჩა გირაო, თითოეულის მიმართ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ხუთივე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე.
ვინაიდან ბრალდებულთა ნაწილი არ არის სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ყველა მათგანს ბრალად ედება რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არა პირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. მათვე, ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ბრალდებულთა ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 3 ნოემბერი 12:30, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება", _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.