რატომ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომ ქალების ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია და რას ურჩევს ის პოლიტიკურ პარტიებს; რას ფიქრობს ამ საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე და რატომ ვერ მოხვდნენ ქალები პოლიტიკური გაერთიანების _ "პაატა ბურჭულაძე _სახელმწიფო ხალხისთვის" საპარლამენტო სიის ათეულში _ ამ საკითხზე პოლიტიკოსებმა "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გამართული შეხვედების დროს ვრცლად ისაუბრეს _ ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში აუცილებელია.
იმის გასაგებად, თუ როგორია უშუალოდ ქალი პოლიტიკოსების პოზიცია, რა პრობლემები აქვთ საარჩევნო კამპანიის წარმართვის დროს და როგორ მოხვდნენ პოლიტიკაში, "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" "ქართული ოცნების" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი და ამავე ოლქის დეპუტატობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნინო კვიტაიშვილი მოვიწვიეთ. თუმცა, როგორ წინა შემთხვევებში, წილოსანმა გადაცემაში მოსვლაზე ისევ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის "მოსახლეობასთან შეხვედრა უფრო პრიორიტეტულია".
თუმცა, ასე არ ფიქრობს ნინო კვიტაიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ წილოსანის დებატებში მოსვლაზე უარის თქმა "ქართული ოცნების" მეორე მარცხია:
_ "ქართულმა ოცნებამ" დააყენა კანდიდატი, რომელსაც არ შესწევს ძალა, უნარი, აქ ყოფნის კომპეტენცია იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს სხვა კანდიდატებს და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, ამ პარტიის მეორე კრახია _ბატონი თემურ ჭკუასელის ჩანაცვლება ქალბატონი წილოსანით იყო პირველი კრახი და მეორე არის ის, რომ ეს ქალბატონი ვერ უპირისპირდება კონკურენტებს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ნინო კვიტაიშვილმა და საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა.
_ კონკურენტულია თუ არა საარჩევნო გარემო, ამაზე მეტყველებს თუნდაც ქუჩაში გაკრული პლაკატები, სადაც, ფაქტობრივად, ჩემი პლაკატები განადგურებულია, როგორც ჩოხატაურში, ასევე ლანჩხუთშიც. მოსახლეობას შეუძლია იმსჯელოს, თუ რატომ ხდება, რომ კონკრეტულად ერთი და ან ორი კანდიდატის პლაკატი ნადგურდება და სხვა ყველა შენარჩუნებულია. ასეთი გარემო და ბრძოლის ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, პრიმიტიულია.
_ ეს ნაცნობი მეთოდია _ "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ასე ხდებოდა…
_ ვის დროსაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის ბრძოლის პრიმიტიული მეთოდი. მე მივიჩნევ, რომ პროგრესული მეთოდი დებატებია. მივესალმებოდი, დღეს რომ ქალბატონი წილოსანი აქ ყოფილიყო. ასევე, მივესალმები ნებისმიერ კანდიდატთან დებატებს, რადგან მოსახლეობას ამით ჩვენს შესახებ, პარტიების პოლიტიკური პროგრამის შესახებ უფრო ნათელ წარმოდგენას შევუქმნით, რაც მათ სწორი არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება.
_ ქალბატონო ნინო, საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდით განათლების სფეროში. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ 22 წელი ვიყავი განათლების სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე _ რიგითი მასწავლებელი, შემდგომ გავხდი საჯარო სკოლის დირექტორი, მერე _ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სწორედ ამ პოზიციიდან გადავწყვიტე კერძო სექტორში გადანაცვლება და სახელმწიფო სექტორში დაბრუნების დიდი სურვილი არ გამაჩნდა. ეს განაპირობა რამდენიმე თვის განმავლობაში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობამ _ განათლების სამინისტროში, ჩემი, როგორც დეპარტამენტის უფროსის აზრი არ იყო გაზიარებული და არ ითვლებოდა პოლიტიკურად სწორ ნაბიჯებად. პოლიტიკურად სწორ ნაბიჯებად, მაგალითად, ითვლებოდა ის, რომ უნდა შემოტანილიყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა, რომელიც საერთოდ უტოპიად და დანაშაულადაც კი მიმაჩნია პედაგოგთა კორპუსის წინაშე. შესაბამისად, როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" მოვა ხელისუფლებაში, პირველი, რასაც განახორციელებს, ამ სქემის გაუქმება იქნება. ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი ვიხილე, ბევრი ისეთი სისტემური პრობლემა, რომელზეც სასაუბროდ ეს ეთერი ნამდვილად არ გვეყოფა და ამიტომ მივიღე სამინისტროდან წამოსვლის გადაწყვეტილება _ ამაში თანამონაწილეობის სურვილი არ გამაჩნდა.
დავიწყე ალტერნატიული სამსახურის ძებნა. მე ვარ მარტოხელა დედა და აქედან გამომდინარე, პირდაპირ უარს ვერ ვიტყოდი სამსახურზე, რადგან ვიცოდი, რომ ხელისუფლებიდან არანაირი მხარდაჭერა არ მექნებოდა. კერძო სექტორი დაინტერესდა ჩემით და წავედი, სადაც წარმატებული პროექტი გავახორციელეთ გუნდთან ერთად _ დავაფუძნეთ თანამედროვე განათლების აკადემია; შევქმენით ძალიან კარგი საბავშვო ბაღი და კერძო სკოლა. ამ ფონზე, არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლაზე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ შემოთავაზება მივიღე ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური და ინტელექტუალური გუნდისგან, რომ ვყოფილიყავი მათი წევრი, გავეცანი მათ ძირითად პრიორიტეტებს და დავთანხმდი. ჩავთვალე, რომ ჩემი ცოდნა, კომპეტენცია და უნარი შესაძლებელია, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს გამოყენებული და ამიტომაც ვარ დღეს დეპუტატობის კანდიდატი.
_ აღნიშნეთ, რომ მარტოხელა დედა ხართ… რამდენად რთულია ასეთ სიტუაციაში პოლიტიკოსობა?
_ ნამდვილად რთულია, რადგან დიდი დრო მიაქვს ამ საქმიანობას. თუმცა, ჩემი შვილის დაბადების დღიდან დიდ დროს ვუთმობდი სამსახურს, განსაკუთრებით, განათლების სამინისტროში და ამ მხრივ, განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა. იმისთვის, რომ ჩემს შვილს ნათელი მომავალი ჰქონდეს, ჩემი აქტიური მუშაობა აუცილებელია. საერთოდ, ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს შემდგარი, პროფესიონალი დედა, რომლითაც იამაყებს და რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება.
_ ქალბატონო ნინო, როგორია თქვენი პარტიის პოლიტიკა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით? მიგაჩნიათ რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც პარლამენტში ქალების და მამაკაცების რაოდენობა თანაბარი იქნება?
_ ვფიქრობ, რომ ადამიანს, ქალია თუ მამაკაცი, თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს. აქედან გამომდინარე, სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. მე ვყოფილვარ დამსაქმებელი ძალიან დიდი ხნის მანძილზე და სქესისთვის არასდროს მინიჭებია უპირატესობა. რაც შეეხება კვოტირებას, წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა, გავიმეორებ, რომ თუკი მამაკაცის ინტელექტუალური პოტენციალი, გამოცდილება კონკრეტულ შემთხვევაში აღემატება ქალი კონკურენტისას, ბუნებრივია, უნდა დასაქმდეს მამაკაცი. მე, პირადად ,არ მესიამოვნება, რომ ვინმემ შეღავათები გამიკეთოს მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ვარ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მათ პარტიაში ბევრი წარმატებული და ძლიერი ქალია:
_ გენდერული კუთხით პარტიის სიისთვის არ შემიხედავს, თუმცა, ჩვენს პარტიაში ბევრი ძლიერი და პროფესიონალი ქალია. ვფიქრობ, ძლიერი ქალისთვის პიროვნული თვისებები აუცილებელია, რომელშიც დიდი როლს ასრულებს აღზრდა და სოციუმი. ასევე, აუცილებელია კარგი განათლება და ცოდნის გამოყენების უნარი.
_ ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცებს ძლიერი ქალები არ მოსწონთ… თქვენს ირგვლივ, პარტიაში ბევრი მამაკაცია. ამ დამოკიდებულებას გრძნობთ?
_ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს ვინმეს ეთქვას. ლიდერის თვისებებით სკოლიდანვე გამოვირჩეოდი და მსგავს რამეს ვერ ვიხსენებ. პირიქით, მათგან ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობდი და ვგრძნობ ახლაც. იგივეს ვიტყვი კონკურენტ მამაკაცებზე _ მათგან მსგავსი დამოკიდებულება არასდროს მიგრძვნია.
ნინო კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ:
_ ვფიქრობ, რომ ქალი ოჯახში ძალიან დასაფასებელია, მაგრამ გაუმართლებელია მოსაზრება _ "ქალი კუხნაში". ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ ყველა შესაძლებლობას თუ გამოიყენებ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ამიტომ, ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში _ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის.
კვიტაიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკიდან არ წავა:
_ საერთოდ არ ვუშვებ წაგებას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას, _ აღნიშნა კვიტაიშვილმა გადაცემაში, რომლის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.