რატომ იღებდნენ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიციელები ქრთამს, როგორ უსწრებდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლით მაშინდელი პოლიცია ამერიკას და ევროპას, რატომ უხდის მადლობას ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი ბიძინა ივანიშვილს და რაში ადანაშაულებს "ქართულ ოცნებას" ავთანდილ ჩხაიძე; რატომ დაადანაშაულა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტი სიცრუის ტირაჟირებაში და რა შუაშია ამ ყველაფერთან ჯორჯ სოროსი? გასულ ოთხშაბათს, "გურია ნიუსის" ყოველდღიური გადაცემის "ა’რჩევანის" ეთერში ერთმანეთს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები _ "ქართული ოცნებიდან" არჩილ თალაკვაძე და "ნინო ბურჯანაძე _ გაერთიანებული დემოკრატებიდან" ავთანდილ (ზურა) ჩხაიძე დაუპირისპირდნენ.
ავთანდილ ჩხაიძის თქმით, საარჩევნო კამპანია ხარვეზებით და სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით მიმდინარეობს. ჩხაიძემ ყურადღება საარჩევნო კანონმდებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაპირებისა, საარჩევნო სიები ისევ მოუწესრიგებელია:
_ ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი დაპირება ამომრჩევლისადმი იყო ის, რომ, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლებოდა და საარჩევნო სიები მოწესრიგდებოდა, მაგრამ ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა _ უფრო მეტიც, მიღებულ იქნა ცვლილება, რომელმაც დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანა. მხედველობაში მაქვს საარჩევნო ოლქების ახლებური ჩამოყალიბება. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს არჩევნებზე, _ აღნიშნა ჩხაიძემ.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, "ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელდა კონსტიტუციასთან თანხვედრაში, ვენეციის კომისიის დასკვნების და საერთაშორისო ექსპერტების აზრის გათვალისწინებით":
_ ამ ცვლილებების ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მაჟორიტარს ყველგან ირჩევს მოსახლეობის თანაბარი რაოდენობა და ყველა მაჟორიტარს ექნება თანაბარი ლეგიტიმაცია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, რასაც ჩვენს ხელისუფლებას უყენებდა მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ეს ცვლილებები გავახორციელეთ, ხაზგასმით ვამბობ _ საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობით; გავზარდეთ მაჟორიტარისთვის საარჩევნო ბარიერი 50%-მდე. რა თქმა უნდა, სახელისუფლებო გუნდმა ამით ერთგვარად გაირთულა საქმე, მაგრამ წავედით ამაზეც, რომ ყველა მაჟორიტარს ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია და საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში; რაც შეეხება სიებს, ჩვენ გავასწორეთ ათიათასობით ჩანაწერი _ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე კამპანია ჩაატარა ამ მიმართულებით _ იყო დამისამართების აქცია, პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის რამდენიმე აქცია, რომელმაც გადაჭრა ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა, სიები ბოლომდე არ არის და ვერც იქნება სრულყოფილი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი მნიშვნელოვან გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს, _ აღნიშნა თალაკვაძემ.
ოპონენტის პრეტენზიებს, რომ ოზურგეთელ ამომრჩეველს გაურთულდება ფოთელ დეპუტატთან კომუნიკაცია, ისევე, როგორც ჩოხატაურელს _ ლანჩხუთელთან და პირიქით, თალაკვაძე პასუხობს, რომ არჩევნების შემდეგ, კომუნიკაციის პრობლემა არავის არ ექნება (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ოცნების" ჯერ კიდევ მოქმედ დეპუტატებს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სწორედ ნაკლები კომუნიკაციის გამო საყვედურობენ, რასაც "გურია ნიუსის" არაერთი გამოკითხვა ცხადჰყოფს. ავტ.)
დეპუტატობის კანდიდატებმა, რომლებიც წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იყვნენ, საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე საუბარს.
ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია ძალიან მძიმეა:
_ არ მინდა არჩილმა საწყენად მიიღოს, მაგრამ ძალიან მიკვირს, თუ საერთოდ როგორ ხდება კრიმინოგენული სიტუაციის შენარჩუნება იმ დონეზეც კი, რომელზეც ახლაა. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? პირველი: ამ მიმართულებით გატარებული რეფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არჩილმა აღნიშნა, რომ დღეს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 63%-ია. ეს კარგია, თუმცა, გურიაში ორი დღის განმავლობაში ორი ყაჩაღობა მოხდა. გარდა ამისა, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ოზურგეთში მომხდარი არც ერთი ყაჩაღობა და მკვლელობა არ გახსნილა. სამაგიეროდ, გახსნილია საქმე, როცა ერთმა გაჭირვებულმა მეორე გაჭირვებულს თხილი მოპარა… ჩვენ დროს ადამიანური ფაქტორი უფრო ძლიერი იყო. იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც ახერხებდნენ მუშაობას. 63% გახსნის მაჩვენებელი რომელ რაიონსაც ექნებოდა, იქ პოლიციის ხელმძღვანელობა ადგილზე ვერ რჩებოდა. 85%-ს დაბლა წამოსული მაჩვენებელი ნიშნავდა, რომ იმ რაიონში კატასტროფა ხდებოდა. ვერავინ იტყვის, რომ მონაცემების მანიპულირება ხდებოდა _ უბრალოდ, წარმოუდგენელია, მკვლელობა, ყაჩაღობა დამალო. დღეს ჩვენი ოპერატიული სამსახურების მუშაობა ძირითადად ეყრდნობა სატელეფონო მოსმენებს _ ყველა მაღაზიის, ყველა აფთიაქის ვიტრინაში დამონტაჟებულია თანამედროვე სათვალთვალო ტექნიკა და ა. შ. ჩვენ დროს ამის საშუალება არ იყო _ ხელფასსაც კი ვერ ვაძლევდით პოლიციელებს, მათთვის სპეცტანსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობდით, _ აღნიშნა ჩხაიძემ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს.
ჩხაიძის ბრალდებებს უპასუხა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ერთი თვის წინ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი და აღნიშნა, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია:
_ ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი ზურაბი ასე აფასებს პოლიციელებისა და მისი კოლეგების საქმიანობას. მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, დადებითად შევაფასებდი პოლიციელების საქმიანობას ამ 4 წლის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ერთიანი ეროვნული კრიმინოგენული სტატისტიკა, რომელიც არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები და შესაბამისად, ჩვენ არანაირად ხელი არ მიგვიწვდება ამ მონაცემების მანიპულირებაზე. შეგიძლიათ ნახოთ, რომ დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯერ სტაბილური გახდა და შემდეგ შემცირდა. რაც მთავარია, ეს გავაკეთეთ საზოგადოებაზე ძალადობის გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში. ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა და რაც შეეხება რეფორმებს, არაფერს ცვლის ის, რომ ბატონი ზურაბი არ ეთანხმება მას. მაინტერესებს მისი საქმიანობის პერიოდში რა რეფორმები ჩატარდა, იყო პროგრესი პოლიციაში? დანაშაულის გახსნის 85% მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის და აშშ-ს პოლიციის განყოფილებებსაც კი არ აქვთ დღეს და 90-იან წლებში ბატონ ზურაბს როგორ ჰქონდა ასეთი მაჩვენებელი? ნამდვილად ვერ ვენდობი 90-იანი წლების სტატისტიკას, _ განაცხადა თალაკვაძემ.
ავთანდილ ჩხაიძის თქმით, აუცილებელია, რეგიონში ადგილობრივი კადრები მუშაობდნენ და მაღალი კლასის პროფესიონალები დაბრუნდნენ:
_ მაგალითად ისეთი, როგორიც ვიქტორ გობრონიძეა, _ განმარტა ჩხაიძემ.
_ ბატონო ზურაბ, თქვენ ახსენეთ ვიქტორ გობრონიძე. როდესაც იხსენებთ იმ პერიოდს, არ გახსენდებათ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იდგნენ _ ვგულისხმობ ე. წ. "გაიშნიკებს", ავტომანქანებს აჩერებდნენ და ფულს იღებდნენ? არ გახსენდებათ ის დრო, როდესაც ჯართი გადიოდა ოზურგეთიდან და როგორ აცილებდნენ პოლიციელები ტვირთს? ამის დამადასტურებელი მასალები "გურია ნიუსის" არქივში დღესაც ინახება. არ გახსენდებათ მერიის აეროდრომის ფილები, რომლებიც დღეს ბათუმშია დაგებული და რომლებიც პოლიციელებმა გაყიდეს?
_ ეს იყო კოშმარი. ნამდვილად იყო ასეთი მაგალითები, იმიტომ, რომ პოლიციელი იყო ჩაუცმელი, პოლიციელი იყო დაუხურავი, პოლიციელს არ ჰქონდა ხელფასი, არ ჰყავდა ტრანსპორტი და საერთოდ…, _ გვიპასუხა ჩხაიძემ.
დეპუტატობის კანდიდატებმა ქვეყნის ეკონომიკაზე, საგარეო ვალებზეც ისაუბრეს. ავთანდილ ჩხაიძემ არჩილ თალაკვაძეს ბრალი დასდო, რომ "ოცნებაში" "ნაციონალებიდან" გადაპორტირდა და ამის მაგალითად თალაკვაძის სოროსის ფონდში მუშაობა დაასახელა:
_ თქვენ ხართ დღეს "ოცნებაში" პორტირებული ახალგაზრდა კაცი, "ნაციონალური მოძრაობის" სოროსის ჯგუფიდან, თქვენ მუშაობდით 2007 წელს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოში". მთელი უბედურება იმაშია, რომ არჩილი დღეს აქ ზის და ვესაუბრები არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, არამედ სოროსის ჯგუფის მომზადებულ კადრს, რომელიც ათი წლის განმავლობაში ამზადეს და აპიარეს იმისთვის, რომ სუფთად და ლამაზად მოეყვანათ აქამდე, _ აღნიშნა ჩხაიძემ.
კითხვაზე, "სოროსის ჯგუფის მომზადებული კადრი" სჯობს ქვეყნისთვის თუ რუსეთის ხელისუფლების იდეების მეხოტბე პოლიტიკოსი, ჩხაიძემ გვიპასუხა, რომ "ქართული ჯიშის და ჯილაგის".
არჩილ თალაკვაძემ კი საკუთარ ბიოგრაფიაზე ისაუბრა:
_ ბატონო ზურაბ, ინფორმაცია, რომელსაც ახლა ავრცელებთ, თქვენივე დაწერილია _ ოფიციალური წყაროები გადაამოწმეთ და შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება. დავიწყოთ იქედან, რომ მე დავიბადე ოზურგეთში, გავიზარდე ამ ქალაქში, ამ ქალაქმა მომცა განათლება, ის პრინციპები, რომელსაც დღემდე ვემსახურები. ჩემი შრომით, ჩემს თავზე მუშაობით მივაღწიე იმ წარმატებებს, რაც ჩემი კარიერის განმავლობაში მქონდა. მეხუთე კურსიდან ვმუშაობ, თუმცა, სოროსის ფონდში მე არასდროს მიმუშავია _ ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურებოდა. შემიძლია დეტალურად გითხრათ, რა საქმეს ვაკეთებდი. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფონდი ძალიან ბევრ სასიკეთო პროექტებს აფინანსებდა საქართველოში და აფინანსებს დღემდე. ის თქვენი ხელწამოსაკრავი ორგანიზაცია ნამდვილად არ არის.
ამის შემდეგ, ვმუშაობდი განვითარების პროგრამებში, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებს, რეფორმებს და სოციალურ განვითარებას ემსახურებოდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში დავიწყე მუშაობა 2012 წლის ნოემბრიდან და არა იმ პერიოდში, რომელსაც თქვენ ახსენებთ _ ცუდია, რომ დღეს მაგის გადამოწმებაც ვერ შეძელით. შემდეგ, დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ორი წლის განმავლობაში, ბოლო დრომდე ჩართული ვიყავი ძალიან საინტერესო რეფორმებსა და ინიციატივებში _ შევძელით ახალი კანონმდებლობის შექმნა პოლიციის სფეროში, მოვახერხეთ პოლიციის დეპოლიტიზირება, რიგი რეფორმების გატარება, 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება, მოვახერხეთ მიგრაციის თანამედროვე სამსახურის შექმნა, საზღვრის მართვის რეფორმის დაწყება, პოლიციის აკადემიაში რეფორმის და გარდაქმნების დაწყება და კიდევ არა ერთი პროექტი გავახორციელეთ. რაც შეეხება თქვენს სამუშაო გამოცდილებას, ბატონო ზურაბ, რაც არ უნდა პატივს გცემდეთ თქვენი ასაკიდან გამომდინარე, თქვენი მმართველობისა და საქმიანობის პერიოდში პოლიცია უკავშირდება "გაი"-ს, რომელიც იყო მექრთამეების ორგანიზაცია; უკავშირდება სამსახურებრივი შტატების ყიდვას და გადაყიდვას, საიდანაც ზოგიერთები დამატებით ფულს იღებდნენ უკანონოდ, უკავშირდებოდა "კარგი" და "ცუდი" ტრასების პრაქტიკას, სადაც მეტი და ნაკლები ფული შემოდიოდათ ქრთამების სახით პოლიციელებს; უკავშირდება სისტემურ კორუფციას და არა ერთეულ შემთხვევებს; უკავშირდება წამებას პოლიციის განყოფილებებში. გაიხსენეთ ის დასკვნები და ის რეალობა, რაც იყო თქვენს დროს _ პოლიციაში აწამებდნენ ადამიანებს. აი, ეს იყო თქვენი რეფორმა, _ მიმართა თალაკვაძემ ჩხაიძეს.
ჩხაიძემ აქცენტი დასაქმებაზეც გააკეთა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ:
_ ამბობთ 56 000 ადამიანი დავასაქმეთო. თუ დასაქმებაში იმაში გულისხმობთ, რომ ამ ოთხ წელიწადში მარტო გურიის რეგიონში საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატების რაოდენობა 1 000 ერთეულით გაიზარდა და 4 მილიონ ნახევარი ლარით მეტი იხარჯება ამ ადამიანების ხელფასებისთვის, მაშინ ეს სხვა ამბავია; თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩემი მეზობლები, როგორც დადიოდნენ თურქეთში ლუკმაპურის საშოვნელად, დღესაც ისევ ისე დადიან, ეგ _ სხვა, _ თქვა ჩხაიძემ.
არჩილ თალაკვაძე: _ 56 000 სამუშაო ადგილი, არ გახლავთ ჩვენი გამოგონილი მონაცემები _ ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გადამოწმებული მონაცემები და, როგორც თქვენ ამბობთ, ეს არ არის საჯარო სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილები, ეს კერძო სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილებია. რაც შეეხება ოზურგეთს და გურიას _ წარმატებულ პროექტებთან ერთად, ბევრ სოფელში უკვე ორჯერ და სამჯერაც ვიყავი და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ზუსტად იმისთვის, რომ დარჩენილი სიღარიბე, დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოვაგვაროთ ამ სოფლებში. წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვა ინფრასტრუქტურა სალაპარაკო აღარ უნდა იყოს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში _ ჩვენ ვაპირებთ ამ კუთხით 3 მილიარდ ლარზე მეტი თანხის ჩადებას.
საკმაოდ დაძაბული დებატების დასასრულს, კანდიდატებმა ამომრჩევლებს მიმართეს და განუმარტეს, თუ რატომ უნდა მისცენ მათ ხმა:
არჩილ თალაკვაძე: _ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი შექმნის დამატებით 200 000 სამუშაო ადგილს და გვეყოლება მეტი დასაქმებული ადამიანი სოფლად და ქალაქში; გავზრდით პენსიებს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად და გავაკეთებთ საპენსიო სისტემის რეფორმას; გავაძლიერებთ კიდევ უფრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და დავუმატებთ მას მედიკამენტებს და ხელმისაწვდომობის კომპონენტს; გავხდით სოციალურ პროგრამას კიდევ უფრო სამართლიანს, დავუმატებთ მას დასაქმების შეთავაზებებს, რადგან მხოლოდ სოციალური დახმარებით ადამიანი ვერ დაძლევს სიღარიბეს; კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოფლის მეურნეობას, ჩავდებთ მეტ ფულს ამ სფეროში, მეტ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ფერმერებს და გლეხებს იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა მოთხოვნა პროდუქციაზე ჩვენ თითონ დავაკმაყოფილოთ; დავაგებთ კიდევ მეტ ახალ გზებს, მოვაწყობთ მეტ ინფრასტრუქტურას გაზისთვის, წყლისთვის და ელექტროენერგიისთვის. რაც შეიძლება მეტ სოფელს გამოვიყვანთ პრობლემებიდან; მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდების მხარდაჭერაზეც; ასევე, "ქართული ოცნების" გუნდი იწყებს ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვან პროგრამას _ "ცხოვრება გრძელდება", რომლის ფარგლებშიც ყველა ხანდაზმულს ექნება საშუალება, ბოლომდე დარჩეს ჩართული და აქტიური საზოგადოების განვითარებაში; ყურადღებას მივაქცევთ ტურიზმს _ ჩვენ მოვახერხეთ 1 მილიარდით მეტი მოგვეზიდა ყველა წინა პერიოდთან შედარებით და ჩავდებთ კიდევ უფრო მეტ ენერგიას ტურიზმის სფეროში. რაც მთავარია, მინდა დაგპირდეთ, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, რომ ჩვენი ხელისუფლება დარჩება ხალხზე მზრუნველ, ყურადღებიან და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ხელისუფლებად. ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით მანამ, სანამ ეს პრობლემები არ გადაიჭრება!
ავთანდილ ჩხაიძე: _ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მაყურებელს ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ გვისმენენ. მე მინდა მათ ვთხოვო, რომ აქტიურები იყვნენ 8 ოქტომბერს, გამოცხადდნენ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, ვის დაუჭერენ მხარს, მაგრამ, მინდა მათ ვთხოვო, რომ იმ განვლილი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად დაფიქრდნენ, როცა არჩევანს გააკეთებენ. საერთოდ მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს _ რა თქმა უნდა მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და დანაშაულებრივ ორგანიზაციად აქციეს ეს ე. წ. პარტია. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", 2012 წელს ჩვენი პარტია, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, მთელი ჩვენი შესაძლებლობებით ვმუშაობდით იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" გაემარჯვა. სხვა უკეთესი არჩევანი არც იყო და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. თუმცა, მიუხედავად იმ კარგი მომენტებისა, რომლის გამოც, წეღან მადლობაც გადავიხადე, უამრავი დაპირება "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეასრულა და არ შეასრულა. ეს ყველაფერი მოხდა იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის გამო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაგმობილ უნდა იქნას _ ვერ ჩამოაცილეს მართვას "ნაციონალები" და მათი სატელიტები, ვერ აღადგინეს სამართლიანობა, ვერ დაბრუნდა ქვეყნიდან გატანილი და გატაცებული მილიარდები; ვერ დაბრუნდა ხალხისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება; ვერ აგებინეს პასუხი სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს და სხვა მთავარ დამნაშავეებს; მათ ცნობილ მეწილეებს, ბიზნესში მყოფ ადამიანებს დღეს ისევ აქვთ წილები ენერგეტიკაში. ამის გამო "ქართულ ოცნებასაც" არ უნდა მისცენ ხმა ამომრჩევლებმა და მოვუწოდებ მათ, ხმა მისცენ იმ პარტიას, რომელიც მოდის ამ ყველაფრის გამოსასწორებლად!