პარტია „განახლებული საქართველოსთვის” პრესსამსახურის ცნობით, 23 ივნისს, 17:00 საათზე ბახტრიონის ქუჩაზე ნათესავის სადარბაზოდან გამოსვლისას, 7 უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, ძალის გამოყენებით, ნაცრისფერი “ჯიპის” მარკის ავტომანქანით, (მანქანის ნომერი KGK242), გაიტაცა პოლიტიკური პარტია “განახლებული საქართველოსთვის” რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერი გაბელია.
პრესსამსახურის განცხადებით, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, პარტიის წევრებისათვის უცნობი იყო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი და მას არ მიეცა არც ოჯახთან და არც თანაპარტიელებთან დაკავშირების საშუალება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საგანგებო ბრიფინგის გამართვა ჟურნალისტებისათვის, რეგიონალური სამსახურის უფროსს, ლაშა გვასალიას დაუკავშირდნენ ტელეფონით, კერძოდ ქალაქ რუსთავის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელი, რომელმაც აუწყა პარტიის წევრებს, რომ ვალერი გაბელია იმყოფებოდა დაკითხვაზე მათ განყოფილებაში მოწმის სტატუსით და ითხოვდა ადვოკატს. სოდის გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დაკავებულის დაკითხვა და რა იყო მისი დაკავების მიზეზი.
“სურვილის შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ უწყებას ჰქონდა კითხვები დაკავებულ ვალერი გაბელიასთან, მათ თავისუფლად შეეძლოთ წერილობითი ფორმით ეცნობებინათ მისთვის ამის შესახებ და არა იმ ყაჩაღური მეთოდებით, როგორც მათ განახორციელეს ეს დაკავება”, – აღნიშნა პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ, _ რომელიც ამ ფაქტს 12 მაისს, სამეგრელოში, დევნილთა აქციაზე ვალერი გაბელიას აქტიურობას უკავშირებს.