“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა ოზურგეთის მგზავრთა სერვისცენტრის უფროსი დავით ქურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჩვენი ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკური მოტივი სახელდება, რასაც არ გამორიცხავს თავად დავით ქურიძე, ის “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მხარს ღიად უჭერდა და თავის აზრს აფიქსირებდა ლანჩხუთისა და ჩოხტაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აკაკი ჩხაიძის მიმართ:
“სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მივიღე მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება. შვებულება ერთ კვირაა, რაც დავწერე , თუმცა, არ გამიშვეს, ბრძანებას ხელი არ მოაწერეს, რა მიზეზით, არ ვიცი. ერთ კვირაში მომივიდა შეტყობინება, რომ კარგად ბრძანდებოდეთო. ეს არ არის ოფიციალური, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ მინახავს. პარასკევს მყავდა გენერალური ინსპექცია, ვერაფერი ფინანსური დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, ამის დამადასტურებელი აქტის ასლიც არსებობს, თუმცა, გენერალურ დირექტორს რა წარუდგინეს ჩემთვის უცნობია“, _ ამბობს ქურიძე.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი პოლიტიკას, ქურიძე აღნიშნავს:
“მოვისაზრებ, რომ ეს ფაქტი უკავშირდებოდეს ჩემ მიერ ბატონ აკაკი ჩხაიძის მიმართ მხარდაჭერას, მე ამას ღიად ვაფიქსირებდი. ბევრისგან მომისმენია _ გაჩერდი, ნუ უჭერ მხარს, თუმცა, არ გავჩერებულვარ და ალბათ, ეს იყო.
“.
დავით ქურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 9 წელი მუშაობდა.