საქართველოს პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა.
"ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს.
კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს: ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინც მოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათი დაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი.
მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულების შემდეგ.