რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე, მარინა კოტრიკაძე ამბობს, რომ მეზობელმა, იური თევზაძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პარტიული ნიშნით მიაყენა:
_ სახლში ვიყავი როცა მოვიდა. დაიძახა და არ გავედი გარეთ, თუმცა, რომ არ გაჩერდა გავხედე და ვკითხე რა უნდოდა. საშინელი სიტყვები მეძახა _ რატომ უჭერ მხარს "ნაციონალურ მოძრაობასო". ორჯერ თავში ხელიც კი ჩამარტყა. სახლში ახალნაოპერაციები ძმა მყავს. ყვირილზე გარეთ გამოვიდა და კარებთან ცუდად გახდა, თუმცა, იური ამის შემდეგადაც არ გაჩერებულა. ნასვამი იყო და საშინელ სიტყვებს მეძახდა, მემუქრებოდა, რომ ხვალ თუ ხმას "ქართულ ოცნებას" არ მივცემდი ჩემი საქმე ცუდად იქნებოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინა კოტრიკაძემ.
კონფლიქტს არც თევაზეძე უარყოფს, თუმცა პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს:
_ კი ბატონო, მივაყენე შეურაცხყოფა და მივაყენებ კიდევ, რადგან ცუდი ადამიანია. ცუდი ადამიანია და მივუსჯი ისე, როგორც საჭიროა, _ ამბობს თევზაძე.
მისივე თქმით, მარინა კოტრიკაძისთვის ხელი არ დაურტყამს.
_ რაღაც ვთხოვე და არ გააკეთა და იმის გამო მიიღო ის, რაც დაიმსახურა. კი ვარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, _ამბობს თევზაძე.