№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი გორდაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხონში #14 უბანზე ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ, ასევე, რეგისტრატორები ბიულეტენებს ხელს არ აწერენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც გორდაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, ამ დროისთვის ოლქში ინფორმაცია საჩივრის დაწერის შესახებ არ შესულა.
"მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. ყველა უბანზე კომისიის წევრების ჩამოვლა ხდება და რომ იყოს მსგავსი თემა, ამაზე საჩივარი იქნება დაწერილი. ჯერ უბნებიდან არანაირი საჩივრის შესახებ ინფორმაცია ოლქში არ შემოსულა", _ აცხადებს გორდაძე.
"ხონში #14 უბანზე ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ, რის შედეგადაც მათ ხმა ორჯერ მისცეს. ასევე ფიქსირდება, რომ რეგისტრატორები არ აწერენ ბიულეტენებს ხელს. ანაალოგიური ფიქსირდება ქუთაისში აფხაზეთის სკოლაში", _ წერენ სოციალურ ქსელში.