გამგეობის პრესცენტრის თანამშრომელი ნინო მშვიდობაძე, პარასკევს, სამუშაო საათების შემდეგ და მომდევნო შაბათ-კვირასაც გამგებლის დავალებას ასრულებდა და მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. ორშაბათს სამსახურში მისვლისას კი გამგებლის ბრძანება დაახვედრეს, რომლის მიხედვითაც, მშვიდობაძე პარასკევს, სამსახურიდან უკვე გათავისუფლებული იყო. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეულია დისციპლინური გადაცდომა, უფრო ვრცლად კი, სამსახურებრივი მოვალეობის არასწორად შესრულება.
ნინო მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მოტივი არარეალურია. ეს ბრძანება უკვე დაწერილი იყო, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და ისე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას არასამუშაო დღეებში. შაბათ-კვირის განმავლობაში, გამგებლის მოთხოვნით, მშვიდობაძე დადიოდა თავის უბანზე და მოსახლეობის პრობლემებს რვეულში აფიქსირებდა. მან 25 ოჯახის გამოკითხვა მოახერხა და მონაცემები ორშაბათს სამსახურში წარადგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები გამგებელს უკვე აღარ სჭირდებოდა _ #116 ბრძანების საფუძველზე, რომელიც 22 ივნისსაა დაწერილი, ნინო მშვიდობაძე უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.
მშვიდობაძე მის გათავისუფლების პოლიტიკურ საფუძველს ვერ ხედავს, უფრო მეტიც, გამგებლის მოთხოვნით, მისმა ოჯახმა “გლობალ ტვ’’-ის ანტენის დაყენებისგანაც თავი შეიკავა.
_ ალბათ, ის არ მოეწონათ, რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნების’’ პოლიტიკური შტაბის ხელმძღვანელს რომ მივესალმე ჩემი თანამშრომლების თანდასწრებით, _ ამბობს პრესცენტრის ყოფილი თანამშრომელი.
ნინო მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და სასამართლოშიც აპირებს სარჩელის შეტანას, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ სასამართლო მის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს, არ აქვს.