დანგრეული კედლები, უფანჯრებო, იატაკაყრილი ოთახები _ ასეთი სურათი დაგვხვდა იქ მისულებს. მოსახლეობამ გვთხოვა, ეს ყველაფერი დაგვეფიქსირებინა და ინტერნეტის საშუალებით მთელი საქართველოსთვის გვეჩვენებინა, რომ ასეთ სკოლაში სწავლობენ სოფლის ბავშვები და ისინი აქ 2 კილომეტრიდან დადიან.
სოფიკო კვაჭანტირაძე: _ მე ვარ ერთი მშობელი, მაგრამ მთელი სოფლის სახელით მოგმართავთ _ ჩვენ არ ვიცოდით, თუ მოდიოდით, თორემ აქ მთელი სოფელი მოვიდოდა. ეს არის დაწყებითი სკოლა, ბავშვები 2 კილომეტრს გადიან სახლიდან ამ სკოლამდე. წარმოიდგინეთ, რომ დაიხუროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ვინ არ შევაწუხეთ _ რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გუბერნატორი… რამაზ ნიკოლაიშვილი გუბერნატორობის დროს დაგვპირდა დახმარებას, სკოლის გარემონტებას, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ… ახლა ისეთი კარგი ზეიმი ჰქონდათ… ძალიან მინდოდა, შაშკინი რომ იყო ჩამოსული, გამეგო და მეთქვა, როგორ ბავშვებს უხურავენ სკოლას. ნუთუ იმის ელემენტარული სახსრები არ არსებობს, რომ საუკუნის სკოლა დახურვას გადავარჩინოთ? ნეტავი, გაჩვენათ, თოვლში, სამანქანო გზა რომ არაა, ის ბავშვები როგორ მოდიან ფეხით, როგორ მოუხარიათ. ეს სკოლა 120 წლისაა, ამ სკოლით გვიხარია ცხოვრება, ამ სკოლით ეტყობა სიცოცხლის ნიშანწყალი სოფელს.
ოქტომბერში დავწერე განცხადება გუბერნატორის სახელზე, პასუხი დღემდე არ მომსვლია. ნუთუ, იმაზე დიდი თანამდებობის პირი არის გურიაში? ვის მივმართოთ? პასუხი მაინც გამცენ _ ან კი მითხრან, ან _ არა. 6 წლის წინ იყო ამ სკოლაში რამაზ ნიკოლაიშვილი და დაგვპირდა, რომ ახალ სკოლას ავაშენებო, მაგრამ არაფერი არ ჩანს. არადა, მაშინ თვითონვე ვერ დამალა აღშფოთება, როცა ასეთი სიტუაცია ნახა.
ზურაბ ალქონიანი: _ იმდენი პრობლემაა სოფელ შრომაში, რომ დავიწყოთ მაგაზე საუბარი, თქვენ არც ჩამწერი გეყოფათ და არც ვიდეოაპარატურა. ერთი შემოსავლის წყარო ჰქონდა ახალგაზრდებს ახლა _ "გლობალ ტვ"-ს ანტენების დადგმაზე მუშაობდნენ და ისიც გადაუკეტეს.
ნანული ართმელაძე: _ ეს სკოლა მაქვს დამთავრებული, ძალიან მიყვარდა. კარგად ვსწავლობდი. საშინელი ზამთარი გადაიტანა ამ შენობამ ბავშვებმა ერთად. იცით, რა შორიდან დადის ბავშვები? იქნებ, როგორმე შეგვინარჩუნონ!