გინდათ, თქვენს ცხოვრებაში რაღაც პოზიტიურად შეიცვალოს?! მაშინ, იმოქმედეთ, ნუ დაელოდებით, თავისით როდის მოხდება რამე; ნურც ხვალინდელი დღისთვის გადადებთ – დაიწყეთ ახლავე!
მაგალითად, დიდი ხანია, ოცნებობთ იმიჯის შეცვლაზე, მაგრამ, გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, უფრო სწორად, საკუთარ სურვილებში ვერ ჩამოყალიბდით, ვერაფრით გააკეთეთ არჩევანი უამრავ სტილს შორის?! მოიქეცით მარტივად: ჩაიცვით ის, რისი ჩაცმაც მართლა გინდათ. ნუ აჰყვებით სხვის აზრს. მერე რა, რომ მათ დიდად არ მოსწონთ თქვენი არჩვევანი. მთავარია, თქვენ მოგეწონოთ და ისინი შეეჩვევიან.
მოუყევით საკუთარ თავს მომავლის გეგმები დალაგებით და ემოციების გარეშე. იოცნებეთ თამამად და ნუ შეიზღუდებით. ოცნება არაჩვეულებრივი საშუალებაა მიზნების განსახორციელებლად, მით უმეტეს, დასახული მიზნების.
ხელმარჯვე ხართ? არა?! თუ მოინდომებთ, მოახერხებთ რაღაცას. მაგალითად, განაახლეთ ძველი ნივთები, გააკეთეთ სამკაულები, ან, დახატეთ მაინც, თუნდაც უნიჭოდ. ერთი სიტყვით, დაკავდით იმ საქმით, რაც სიამოვნებას მოგიტანთ. თუ კერძების მომზადებაში პოულობთ ასეთ სიამოვნებას, პრობლემა არ არის – შეუთავსეთ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო.