სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა.
სამუშაო ჯგუფმა მოიძია და აჭარის რეგიონის სოფლებში (დანისპარაული, რიყეთი და ღორჯომი) საქართველოში ხელმისაწვდომი, კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები დათესა. ვეგეტაციის პერიოდში, ჯგუფის მიერ, მონიტორინგი და მავნებელ-დაავადებათა კონტროლი მიმდინარეობდა.
ცდაში ჩართული 15 სხვადასხვა ჯიშიდან, კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა კარტოფილის 6 ჯიშს, კერძოდ, „ფარიდა“, „სილვანა“, „პანამერა“ (ჰოლანდიური), „ბარსელონა“ (კანადური) და ჯავახეთური და მესხური წითელი (ქართული), რომლებიც, მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (CIP) კლონების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ არის რეგისტრირებული. კარტოფილის ჯიშმა „მესხური წითელი“ კიბოსადმი გამოჩენილ გამძლეობასთან ერთად, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გამო, ადგილობრივი ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოებით მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო N 305 დადგენილება „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაეკისრა ვალდებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარტოფილის კიბოსადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალი ყოველწლიურად წარუდგინოს. (R)