პირი, რომელიც ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია, იგი1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა, _ ამის შესახებ სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავრობის სამმართველოს უფროსმა ზურაბ კუხიანიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
კუხიანიძის თქმით, არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.
„იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. ჯერჯერობით, არ შემიძლია თქმა, სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. შესაბამისი სამსახურებისთვის დავალებული მაქვს დაადგინონ _ ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ“, _ განაცხადა კუხიანიძემ.
როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში, უკვე დაიკითხა გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა.
„თავდასხმა მოხდა გუშაგზე, რომელმაც მოახდინა გაფრთხილება, შემდეგ ჰაერში გასროლა, რასაც მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. გუშაგი დაიკითხა“, _ აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხედრო- სამწვრთნელო ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამავე თემაზე: სამხედრო წვრთნების ტერიტორიაზე უცხო პირები შეიჭრნენ _ გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი