C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ჯგუფი მონაწილეობს. ჯგუფის სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ შედგა.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.
”მე მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მე ვფიქრობ, ეს ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, როგორც გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი.
პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩართულობის კრიტერიუმი მოგვეხსნა და ნებისმიერს, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღოს ეს მკურნალობა. შედარებისთვის, თუ შარშან თვის განმავლობაში პროექტში შეგვეძლო 700-800 პაციენტის ჩართვა, დღეს ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არ არის”, _ განაცხადა სერგეენკომ.