გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ქერედან და მეჯვრისხევიდან გატაცებული მამაკაცები ოჯახებს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. არსენ ლაფაჩი და მალხაზ ლეჟავა დეფაქტო ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მათმა ოჯახებმა თვითაღიარებულ ხელისუფლებას 2000-2000 რუსული რუბლი გადაუხადეს. მალხაზ ლეჟავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან 6 დღის წინ, ხოლო არსენ ლაფაჩი სოფელ ქერედან 3 დღის წინ გაიტაცეს. როგორც თავად ამბობენ, ორივე მათგანი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, დაკავებულებს თვითაღიარებული ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.