"ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხზე, არავის პარტიისთვის არ უღალატია", _ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
”არჩევნების შემდეგ პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, გენერალურმა მდივანმა და ამის შემდეგ მოჰყვა სხვა ლიდერების პარტიიდან გასვლა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხზე. არავის პარტიისთვის არ უღალატია, ეს არის სრული აბსურდი. გარდა ამისა, წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს თანამდებობებისთვის ვიბრძვით – მე და ჩემს მეგობრებს თანამდებობები რომ გვდომოდა, ჩვენ მაღალი თანამდებობები გვქონდა და ოპოზიციაში რომ არ წავსულიყავით, დღეს ამ თანამდებობებზე ვიქნებოდით. ჩვენ თანამდებობისთვის არასდროს გვიბრძოლია – ჩვენთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება იმისა, საქმე გვეკეთებინა”, _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძემ დაადასტურა, რომ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.
”პარტია ცოცხალი ორგანიზმია. პარტიაში ყოველთვის არის განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები, რომელიც ხანდახან ჯერდება, ხანდახან – ვერა, მაგრამ ჩვენი პრინციპი იყო ის, რომ გუნდურობა შეგვენარჩუნებინა, მივსულიყავით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით”, _ აღნიშნა მან.
ზურაბ აბაშიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ პირადად მისთვის ”თავისუფალი დემოკრატების” შემდეგ მეორე არჩევანი ”ქართული ოცნება” იყო და არა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
”როდესაც ”თავისუფალმა დემოკრატებმა” არჩევნები ვერ მოიგეს, ბუნებრივია, ჩემი არჩევანი ”ქართულ ოცნებაზე” კეთდება, რომელთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ _ მათთან ერთად ვიყავით ხელისუფლებაში, ერთად ვიბრძოლეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და რა არის ამაში გაუგებარი და გაურკვეველი?!”, – განაცხადა აბაშიძემ.