სამტრედიაში, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა, დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ნონა ჯოჯუამ განაცხადა, მასზე გარკვეული ზეწოლები ხორციელდება, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მისივე თქმით, შესაძლოა, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იყოს და რეალური დამნაშავე თავისუფალად დადიოდეს.
"არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არაფერი აინტერესებს უკვე. სასამართლოებიც რამდენჯერმე უმიზეზოდ გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები. ვფიქრობ, იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ“,_ განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. თევზაძე გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი თავად გამოცხადდა პოლიციაში, როგორც თავად განაცხადა, "პოლიციის მუნდირის დასაცავად".