საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. შემთხვევა 25 ოქტომბერს ქუთაისში მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს ადანაშაულებენ.
"დაგვამშვიდეს, საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა, საერთოდ არ ვიცოდით, რომ განმეორებით მეორე ოპერაციაც ჩაუტარდა. არაფერი უთქვამთ ამაზე ექიმებს. ვფიქრობთ, ექიმმა შეცდომა დაუშვა და სიტუაცია გართულდა", – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეუღლემ გიორგი ჩიხლაძემ.
კლინიკა "ბომონდის" ქირურგი მამუკა მიქაძე კი ამტკიცებს, რომ მისი ბრალეულობა გამორიცხულია. "ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა, პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას. ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავიყვანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა, მის გარდაცვალებას არანაირად არ ველოდებოდით“, – აღნიშნა მამუკა მიქაძემ.
გარდაცვლილი პაციენტი 23 წლის ლანა მიქაბერიძეა, რომელსაც 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.
წყარო: ნიუპოსტი