ჩოხატაურში #60.62.38 საარჩევნო უბანზე უცხო პირს საარჩევნო უბნიდან რეგისტრატორის _ მანანა პაიჭაძის გაყვანის მცდელობა ჰქონდა. როგორც პირი ამტკიცებდა, პაიჭაძესთან მას პირადი საქმე ჰქონდა.
კომისიის თავმჯდომარის აკაკი გოგელიას მოწოდებას, რომ მსგავსი ფაქტი დანაშაული იყო, თავიდან პაიჭაძეც შეეწინააღმდეგა და პირიც, რომელიც როგორც დავადგინეთ, ვინმე მამუკა ბარამიძე იყო.
თუმცა, ჩვენი კამერის გამოჩენის შემდეგ, რეგისტრატორი გარეთ აღარ გასულა და ბარამიძემაც საარჩევნო უბანი დატოვა.
_ ავარიაში მოჰყვა ის ბიჭი. ვერ შობა იმ ფულს, _ ამ სიტყვებით დაემშვიდობა ბარამიძე პაიჭაძეს.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, „გურია ნიუსის“ ობიექტივმა ბარამიძე პაიჭაძის შვილთან ერთად, საარჩევნო უბანთან ახლოს დააფიქსირა _ იგი გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელს ტატო ვასაძეს ესაუბრებოდა.
როგორც გვითხრეს, ვასაძე ჩოხატაურში მივლინებით იმყოფება წესრიგის დასაცავად (ვასაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდამჭერთა მხარდაჭერით“ იყო გამორჩეული, რასაც ჩვენს არქივში დაცული არაერთი კადრი ამტკიცებს).
პოლიციელს კამერასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სიტუაციის ახსნა სცადა ბარამიძემ და გვითხრა, რომ პაიჭაძეს პირად საქმეზე ესაუბრებოდა:
_ ქალბატონი მანანასგან ჩემს ახლობელს ბინა ჰქონდა ნაქირავები. ავარიაში მოჰყვა და ფულს ვერ მისცემდა. ამის სათქმელად მივედი, _ გვითხრა ბარამიძემ.
ჩვენს კითხვაზე, ამ ინფორმაციის მიწოდება ტელეფონით რატომ არ სცადა, გვიპასუხა, რომ სატელეფონო კონტაქტი პაიჭაძესთან საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჰქონდა.