ლანჩხუთის 60/61 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა საღამოს რვა საათისთვის დასრულდა. საარჩევნო დღის განმავლობაში ოლქში რეგისტრირებული 31 718 ამომრჩევლიდან სააარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 15 964 ამომრჩეველი (50,26%) გამოცხადდა.
ამომრჩეველთა ყველაზე მეტი აქტივობა ლესის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სადაც 1200 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საოლქო კომისიის მონაცემით, მეორე ტურთან შედარებით ამომრჩეველთა მეტი აქტივობა დაფიქსირდა რვა ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, მაშინ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 64 %-მა ( 20 356) მიიღო.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის შეფასებით, ლანჩხუთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, ოლქში სულ სამი საჩივრის ოქმია შესული, რაც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ, ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის გამარჯვებულად ის ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას აიღებს.